top of page
Search

უთქმელი ამბების სკივრი


წიგნის წერას ვუმადლი ბებოს, რომელმაც სამზარეულოში ფუსფუსისას ერთხელ მითხრა „იმაზე ძლიერი და თავისუფალი იყავი, ვიდრე შეგიძლია. არავის მისცე უფლება სუსტად აღგიქვან, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ!“

__________________________________


***

არაფერი განსაკუთრებული - პატარა ისტორიები, ირგვლივ მყოფი ხალხი და იმის გაცნობიერება, რომ სადღაც გულის სიღრმეში გვინდა ყველა ერთ ქვაბში მოვიხარშოთ, იმავე გული კი შეპარვით ოცნებობს ცხოვრებაზე, რომელიც განსხვავებულ, განსაკუთრებულ და ჩვენეულ თავს გვაპოვნინებს.

არ ვიცი რის გამო დაიწყე კითხვა, მაგრამ თუ იმედოვნებ, რომ ამ ამბებში შენს თავსაც იპოვი, თუ გგონია რომ აქ დაწერილი სიხარულისა და ტკივილის შენც გაგეგება, მაშინ მოემზადე! ამ წიგნში ვართ ჩვენ - საერთო ადამიანური ყოფით შემოსილები.


ყოველდღიურ ამბებს მოგიყვები, პატარა გრძნობებს ჩვენს გულში რომ აციმციმდებიან ხოლმე და იქნებ დაგაჯერო კიდეც, რომ ცხოვრებაში სულ რომ არაფერი მოხდეს, მარტო ჩვენი დაბადება იქნება დღესასწაულის ტოლფასი! მარტო ჩვენი არსებობა იქნება საკმარისი რომ ვთქვათ "ბრწყინვალე მოვლენის მომსწრენი გავხდით!".


***

გახსოვს ზაფხულში მოფუსფუსე დედა ან ბებო, საზამთროდ შესანახ ნაირნაირ საჭმელს რომ ამზადებდნენ? უბნის ან სოფლის მაღაზიები თუ გახსოვს, შედარებით მწირი ასორტიმენტით, თუმცა დახლზე არსებული იმ აუცილებელი ნივთით, როგორიცაა სანთელი. ის სიხარული თუ გახსოვს, ბაზარში რომ პატარა დახლს დავინახავდით, ცხელ ზაფხულში ხსნად რომ გვევლინებოდა - ცისარტყელის ფერებში არსებულ გაზიან ლიმონათს ვსვამდით და არაფრად ვაგდებდით ცივი სასმლის წარმომავლობას, არც იმას, დახლზე სულ რაღაც ხუთი ჭიქა რომ იდო, რომელსაც გამყიდველი მოვალეობის მოხდის მიზნით ავლებდა წყალს. როგორადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩვენთვის მაინც აღტაცების მომგვრელი იყო!.

ყველაფერი გონებაში რამდენიმე დღის წინ ამომიტივტივდა. ჰიპერმარკეტში შესულმა რომ ვეღარ გავიხსენე რა მჭირდებოდა, უგზო-უკვლოდ დავიწყე სიარული. ჩავუარე დიდ მაცივრებს და შემდეგ დეკორატიული ნივთების სექციაში ამოვყავი თავი. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა - სანთლებს დენის არარსებობის გამო კი არა, ოთახის გასალამაზებლად ყიდულობენ, ცისარტყელის ლიმონათები კი ბუმბერაზი კომპანიების სასმელებმა ჩაანაცვლეს. არც დედასა და ბებოს უწევთ მთელი ზამთრის გადასატანი კერძების მომზადება, რადგან საჭმელი სეზონებად აღარ იყოფა და თუ ძალიან მოინდომებ იანვრის სუსხიან დღეს საზამთროსაც ეახლები.


ასეთი ყოველდღიური სანახაობები მაბრუნებს უკან, იმ წარსულში ყველამ მეტ-ნაკლებად ერთნაირად რომ გამოვიარეთ, სიხარულითა თუ დარდით, თუმცა, მაინც გამოვიარეთ!

ამ დროიდან იწყება ჩემი და კალმის ურთიერთობაც. და სწორედ აქედანვე მინდა დავიწყო ამბების თხრობა.


***

ბავშვობიდან მიყვარდა ადამიანების მოსმენა, ისტორიების შეგროვება და მუსაიფი. გაგიკვირდებათ და ამ ყველაფერთან ერთად დროის მარტო გატარებაზეც არ ვამბობდი უარს - ზაფხულის ცხელ დღეებში შემეძლო მარტო მეთამაშა სოფლის ეზოში და სრულებით კმაყოფილი ვყოფილიყავი. ასეთ დროს ჩემს თავს ველაპარაკებოდი და აი ასე ნელ-ნელა ვისწავლე ფიქრი, თუმცა მსჯელობამდე ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გამევლო.


ჩემი სამყარო ფერადი იყო, თუმცა ოდნავ განსხვავებული - ერთადერთი გოგონა ვიყავი მეზობლად, ვისაც უყვარდა ბურთის თამაში და რადგან ძირითადად მარტო ვთამაშობდი, ჩემი უფროსი ძმა და მისი მეგობრები უფლებას მაძლევდნენ მათი ფეხბურთის გუნდის წევრი ვყოფილიყავი, თუმცა ახლა ვაცნობიერებ, რომ გარკვეული შეზღუდვებით. არასდროს განმიხილავდნენ თავდამსხმელად ან გუნდის კაპიტნად, მე კარში უნდა ვმდგარიყავი. ალბათ ეგონათ ეს ნაკლებად საპასუხისმგებლო და საინტერესო როლი იყო, რადგან ძირითადად ერთ ადგილას დგომას მოითხოვდა, თუმცა მე თუ მკითხავთ ჩემი წყალობით ბევრჯერ გაგვიმარჯვია. მიუხედავად იმისა, რომ მათთან თამაშით გულს კარგად ვიჯერებდი, ჩემთვის მაინც გარკვეული შეზღუდვები მოქმედებდა. ვიცოდი, რომ კაბით არ უნდა მეთამაშა, ბილწი სიტყვები არ მეთქვა და რაც მთავარია საღამომდე სახლში დავბრუნებულიყავი. როგორც ამბობდნენ: „გოგო გოგოს უნდა ჰგავდეს“.


ყოველთვის თამამად ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, ეზოში თამაშსა და ბიჭებთან პირველობისთვის ბრძოლას ჩვეულებრივ მოვლენად აღვიქვამდი და წარმოდგენა არ მქონდა, რომ ამ დროს ჩემი ახლობელი გოგონები თოჯინებს კაბებს უკერავდნენ. წლების შემდეგ, როცა სტუმრად ახლობელს ვეწვიეთ და თინეიჯერმა მასპინძელმა მისი თოჯინების კაბების გარდერობი მაჩვენა, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ბავშვობა ოდნავ განსხვავდებოდა. ახლა კი ვიაზრებ, რომ სწორედ ბავშვობაში გატარებული დღეები იყო ყველაფრის საფუძველი და განმაპირობებელი.

როცა წამოვიზარდე დავდიოდით ყველგან, მთასა თუ ბარში, ვხვდებოდი თანატოლებს და ნელნელა ვკარგავდი იმ თავისუფლებას, ბავშვობის წლებში ასე ბუნებრივად რომ მოვიპოვე. თინეიჯერობის ასაკში რატომღაც აღარ გამოვთქვი სურვილი ეზოში ბურთი მეგორებინა, ასპარეზზე სხვა, უფრო "გოგოშკური" საქმეები გამომიჩნდა. ჰოდა ასე, ნელ-ნელა და შეპარვით დავშორდი თავისუფლებას. მის მერე ისევ ვეძებ, ვიბრძვი ამ თავისუფლებისთვის და რაც უფრო ვიზრდები ვხვდები, რომ ამ ბრძოლაში წაგების უფლება არ მაქვს. იმიტომ რომ ჩემი წაგება ჩემი ძვირფასი, პატარა გოგო-მეგობრების წაგება იქნება, ჩემ ირგვლივ მყოფი ძლიერი ქალების იმედგაცრუების საბაბი. მე კი ბავშვობიდან თუ რამ ღირებული ვისწავლე ის იყო, რომ რამდენადაც შეგვიძლია იმდენად უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, რამდენადაც შეგვიძლია იმდენად უნდა ვაჩვენოთ სხვას, რომ ჩვენი იმედი შეიძლება ჰქონდეს!

წლებმა და სოციუმმა ჩემი ინტერესები შეცვალა, დაგროვილი ენერგია სადღაც უნდა გამომეყენებინა და ასე დავიწყე ამბების შეგროვება. ახლა კი ერთი მშვენიერი ქალაქის, ერთ დიდ წიგნების მაღაზიაში, სამეცნიერო ფანტასტიკის განყოფილების კუთხეში ლეპტოპით ვზივარ და ამ ამბების წერას ვიწყებ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამყაროში ყველაფერი რაღაც მიზეზის გამო ხდება. პრაგმატული ადამიანი კი მეტყოდა, რომ უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ ამბები, რომლებსაც ამ ფურცელზე დავატევ შეიძლება ფანტასტიკად მოგეჩვენოს, გაგაოცოს და დაგაფიქროს სად მთავრდება რეალობა და იწყება წარმოსახვა. ან შესაძლოა სრულებითაც შენიანი აღმოჩნდეს. ამას წინასწარ ვერ გავიგებთ...

კარგად მოკალათდი და მოემზადე ჩემთან ერთად სამოგზაუროდ. გიყვები, რადგან შენც უნდა იცოდე, იგრძნო, გაგიხარდეს და გეტკინოს. უნდა დარწმუნდე, რომ მარტო არ ხარ.

***

გაგრძელება მალე...


16 views0 comments
bottom of page